ჯესი ოუენსი ამარცხებს ნაცისტურ იდეოლოგიას
1936 წლის ბერლინის ოლიმპიადა სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ მოვლენად ითვლება. თუმცა,ერთი შეხედვით, ეს იყო სპორტული დღესასწაული, მაგრამ რეალურად იყო პოლიტიკური იარაღი, რომელსაც ნაცისტური გერმანია საკუთარი იდეოლოგიის გასაძლიერებლად იყენებდა. ადოლფ ჰიტლერის რეჟიმი ცდილობდა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ „არიელი რასა“ ფიზიკურად და მორალურად ყველა სხვა ხალხზე აღმატებული იყო.
ბავშვობა და სიღარიბე
ჯესი ოუენსი(James Cleveland Owens) 1913 წელს ალაბამაში დაიბადა. ის ათშვილიანი ოჯახის უმცროსი წევრი იყო. ბავშვობაში ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობდა, ხოლო ჯესი ადრეულ ასაკში ბამბის პლანტაციებში მუშაობდა, რათა ოჯახს დახმარებოდა. სიღარიბე, რასობრივი დისკრიმინაცია და შეზღუდული შესაძლებლობები მისი ყოველდღიურობის ნაწილი იყო.
სწორედ სკოლაში აღმოაჩინეს მისი საოცარი სირბილის უნარი. სპორტი მისთვის მხოლოდ გართობა არ ყოფილა — ეს იყო გზა უკეთესი ცხოვრებისკენ.

გზა ოლიმპიადამდე
ოუენსმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია 1935 წელს, როცა ერთ დღეში რამდენიმე მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამ მიღწევებმა ის ამერიკის ნაკრების ლიდერად აქცია. მიუხედავად ამისა, თავად ამერიკაშიც კი ბევრი სკეპტიკურად უყურებდა შავკანიანი სპორტსმენის ასეთ წარმატებას.
ბერლინში გამგზავრება ოუენსისთვის მხოლოდ სპორტული გამოწვევა არ ყოფილა — ეს იყო შეხვედრა რეჟიმთან, რომელიც მის არსებობასაც კი ეჭვქვეშ აყენებდა.
ოლიმპიადა, როგორც პოლიტიკური სცენა
ნაცისტურმა გერმანიამ ოლიმპიადისთვის უზარმაზარი რესურსი დახარჯა. სტადიონები, დროშები, მარშები — ყველაფერი ერთი მესიჯის გადაცემას ემსახურებოდა. – მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა თეთრი, არიელი რასის უპირატესობა სხვა ხალხებზე. ტრიბუნებზე, თავად, ჰიტლერიც იმყოფებოდა, რომელიც გამარჯვებულ გერმანელ სპორტსმენებს საჯაროდ ესალმებოდა.
ამ ფონზე ჯესი ოუენსის გამოჩენა სტადიონზე რეჟიმისთვის უხერხული სიმართლე იყო.
ოთხი დისციპლინა — ოთხი გამარჯვება
ჯესი ოუენსმა მონაწილეობა მიიღო ოთხ დისციპლინაში:
- 100 მეტრი სირბილი — ოქრო
- 200 მეტრი სირბილი — ოქრო
- სამხტომი — ოქრო
- 4×100 მეტრი ესტაფეტა — ოქრო
ოთხი ოქროს მედალი ერთ ოლიმპიადაზე არა მხოლოდ სპორტული, არამედ სიმბოლური ტრიუმფიც იყო. თითოეული გამარჯვება პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ნაცისტური პროპაგანდის მთავარ თეზას.

ლუც ლონგი — სპორტული ღირსების მაგალითი
ყველაზე ემოციური მომენტი სამხტომის ფინალს უკავშირდება. ოუენსს მცდელობები არ გამოსდიოდა და არსებობდა საფრთხე, რომ ფინალშიც ვერ მოხვდებოდა. სწორედ მაშინ მას რჩევა მისცა გერმანელმა სპორტსმენმა ლუც ლონგმა — კაცმა, რომელიც თავად ნაცისტური პროპაგანდის სახედ ითვლებოდა.
ლონგის რჩევამ შედეგი გამოიღო — ოუენსმა ოქრო მოიპოვა. მოგვიანებით ისინი მეგობრებად იქცნენ და ერთმანეთის პატივისცემის სიმბოლოდ დარჩნენ ისტორიაში.

ჰიტლერი და მიუღებელი გამარჯვება
ხშირად ამბობენ, რომ ჰიტლერმა ჯესი ოუენსს ხელი არ ჩამოართვა. რეალობაში ოლიმპიურმა კომიტეტმა მას აუკრძალა სპორტსმენების შერჩევითად მისალმება, თუმცა ფაქტია — ოუენსის გამარჯვებები ნაცისტური იდეის საჯარო მარცხი იყო.
სტადიონზე დამსწრე ათიათასობით ადამიანი ხედავდა იმას, რასაც პროპაგანდა უარყოფდა.
დაბრუნება ამერიკაში
პარადოქსულია, მაგრამ ოლიმპიური დიდებას ჯესი ოუენსისთვის სრულ თავისუფლება არ მოუტანია. ამერიკაში დაბრუნების შემდეგ ის კვლავ დისკრიმინაციას აწყდებოდა. მას არ ჰქონდა თანაბარი შესაძლებლობები, ხოლო სახელმწიფო აღიარება წლების შემდეგ მიიღო.
მისი გამარჯვება მსოფლიომ დაინახა, მაგრამ საზოგადოებრივი ცვლილებები ნელა მოდიოდა.

სპორტის ძალა
ჯესი ოუენსის ისტორია ნათლად აჩვენებს, რომ სპორტი ზოგჯერ პოლიტიკაზე უფრო ძლიერია. ერთ ადამიანს შეუძლია სიმბოლოდ იქცეს და დაანგრიოს იდეა, რომელიც თითქოს ურყევი ჩანდა.
1936 წლის ბერლინის ოლიმპიადა ისტორიაში დარჩა არა მხოლოდ როგორც სპორტული ღონისძიება, არამედ როგორც მომენტი, როცა ადამიანურმა ღირსებამ იდეოლოგიაზე გაიმარჯვა. ჯესი ოუენსის ოთხი ოქროს მედალი დღესაც გვახსენებს, რომ ჭეშმარიტი ძალა არა რასაში, არამედ ადამიანშია.
სტატიაში გამოყენებული ფოტოები აღებულია Wikimedia Commons-დან და წარმოადგენს საჯარო მასალას.
თუ სტატია თქვენთვის საინტერესო იყო, გაუზიარეთ მეგობრებს და დატოვეთ კომენტარი.
