კაცი – ერის სინდისი
ისტორიაში ხშირად გვხვდებიან მხედრები, მეფეები და პოლიტიკოსები, რომლებიც დიდ ადგილს იკავებენ ერის მეხსიერებაში, მაგრამ იშვიათია ადამიანი, რომელმაც ქვეყნის ბედი არა ხმლით, არამედ ერთგულებითა და სინდისით დაიცვა. ასეთი ადამიანი იყო ქართული კულტურული და მატერიალური მემკვიდრეობის დიდი მოამაგე და მცველი — ექვთიმე თაყაიშვილი, მეცნიერი და არქეოლოგი, კაცი, რომელმაც საქართველოს კულტურული საგანძური გადაარჩინა ქართველი ერისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში.

1921 წელს, როდესაც საქართველო ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო, ქვეყნის ხელისუფლებამ და ინტელიგენციამ მძიმე გადაწყვეტილება მიიღო — საქართველოს ისტორიული საგანძური დროებით უცხოეთში გაეტანათ, რათა ოკუპანტებს არ ჩაეგდოთ ხელში, არ დაეტაცათ და გაენადგურებინათ.
ეს საგანძური ექვთიმე თაყაიშვილს ჩააბარეს.
ბავშვობა და გზა მეცნიერებისკენ
ექვთიმე თაყაიშვილი 1863 წელს გურიაში, სოფელ ლიხაურში დაიბადა. ბავშვობა სიღარიბეში გაატარა, მაგრამ განათლებისადმი ძლიერი სწრაფვა გამოარჩევდა. სწავლობდა ქუთაისსა და თბილისში, შემდეგ კი პეტერბურგში გააგრძელა განათლების მიღება.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მან მთელი ცხოვრება მეცნიერებას, არქეოლოგიასა და ქართული ისტორიის კვლევას მიუძღვნა. მონაწილეობდა ექსპედიციებში, სწავლობდა ტაძრებს, ხელნაწერებსა და არქეოლოგიურ ძეგლებს. იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ქართული ისტორიული, კულტურული თუ მატერიალური საგანძურის სიტემურ აღრიცხვას, შეგროვებას და დაცვას ჩაუყარა საფუძველი.
მისთვის საქართველოს წარსული მხოლოდ კვლევის საგანი არ იყო — ეს იყო პასუხისმგებლობა საკუთარი ერის იატორიის და მემკვიდრეობის წინაშე.
საგანძური ემიგრაციაში

1921 წელ რუსეთის მიერ საქართველო/ს ოკუპაციის და ანექსიის შემდეგ, მუზეუმებში დაცული უნიკალური საგანძური – ოქროს ნივთები, ხელნაწერები, ხატები და სხვა სამუზეუმო მნიშვნელობის ქონება საფრანგეთში აღმოჩნდა. 39 დაბეჭდილ ყუთში განთავსებული განძი ბანკის საცავში იქნა შენახული, ხოლო თავად ექვთიმე ლევილის მამულში დასახლდა, სადაც საქართველოს ემიგრირებული მთავრობა ცხოვრობდა.
დრო გადიოდა, ფული ილეოდა, ემიგრანტები მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ. არაერთხელ შესთავაზეს ექვთიმეს საგანძურის გაყიდვა ან მისი ნაწილის გამოყენება ფინანსური პრობლემების გადასაჭრელად.
მას შეეძლო გამდიდრებულიყო. შეეძლო მშვიდად ეცხოვრა, მაგრამ მან უარი თქვა.
ექვთიმე თაყაიშვილი წლების განმავლობაში თითქმის სიღარიბეში ცხოვრობდა, მაგრამ საგანძურს არ შეხებია.
მეორე მსოფლიო ომი — ყველაზე დიდი საფრთხე
მეორე მსოფლიო ომის დროს საფრთხე კიდევ უფრო გაიზარდა. საფრანგეთი ოკუპირებული იყო, ქაოსი სუფევდა, და ქართული საგანძური რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.
არსებობდა რისკი, რომ ის ან გერმანელებს ჩაეგდოთ ხელში, ან უბრალოდ დაკარგულიყო ომის ქაოსში.
თაყაიშვილი მაინც არ დანებდა. მან შეძლო საგანძურის დაცვა და შენარჩუნება.
დაბრუნება სამშობლოში

1945 წელს, მრავალი წლის შემდეგ, საქართველოს საგანძური საბოლოოდ დაბრუნდა სამშობლოში.
ექვთიმე თაყაიშვილი უკვე მოხუცი იყო, მაგრამ თავისი მისია შესრულებული ჰქონდა — მან საქართველოს შეუფასებებელი საგანძური, საქართველოს ისტორია გადაარჩინა.
დღეს მას ხშირად „საქართველოს სინდისს“ უწოდებენ, 2013 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა, ხოლო საქართველოს მართმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი უწოდა.
დაიბადა სიღარიბეში, იცხოვრა სიღარიბეში და 1953 წელს სიღარიბეშივე აღესრულა, მაგრამ დატოვა უმდიდრესი მემკვიდრეობა — არა მხოლოდ მეცნიერებისა და ისტორიულ-კულტურული საგანძურის თვალსაზრისით, არამედ შეუფასებელი მაგალითი სამშობლოს სიყვარულის, ერთგულებისა და პასუხისმგებლობის ქართველი ერის ისტორიული მეხსიერების წინაშე.
ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ 2018 წელს, ნიკოლოზ ხომასურიძის მიერ გადაღებული მხატვრული ფილმი “ექვთიმე ღვთისკაცი”, რომელიც ეძღვნება ექვთიმე თაყაიშვილის ხსოვნას.
სტატიაში გამოყენებული ფოტოები აღებულია Wikimedia Commons – დან და წარმოადგენს საჯარო მასალას.
თუ სტატია თქვენთვის საინტერესო იყო, გაუზიარეთ მეგობრებს და დატოვეთ კომენტარი.
